წინა პოსტში შევჩერდი იმაზე, რომ ხელმოწერების შეგროვების პირველი ეტაპი დავასრულეთ და მეორე ეტაპი სექტემბრის დასაწყისში დავგეგმეთ.
3-4 სექტემბერს ჩატარდა ხელმოწერების შეგროვების მეორე ეტაპი და, საბოლოო ჯამში, შეგროვდა 60-მდე ხელმოწერა. ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი შედეგია (მე პირადად ნაკლებს ველოდი).
ამის შემდეგ, რაც ახალი ხდებოდა, ფეისბუქის ჯგუფში ვუზიარებდი ხალხს. ახლა კი აქაც ვახდენ ჩემი სტატუსების ციტირებას:
7 სექტემბერი. ”ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში და დავტოვე განცხადება. ამერიკულ ფილმებში რომ არიან ხოლმე საშუალო ასაკის კარგი ტიპი გამომძიებლები, ეგეთი დამხვდა იქ და გამომკითხა რაღაცები)) ხვალ უნდა დავრეკო, რომ გავიგო, ვის ჩააბარეს ეს საქმე, რომ მერე უკვე უშუალოდ იმასთან გვქონდეს ურთიერთობა.”
9 სექტემბერი. ”მომცეს რეგისტრაციის ნომერი, მაგრამ ვის ჩააბარეს საქმე ჯერ არ ვიცით. მინისტრის მოადგილემ უნდა განიხილოს და რეზოლუცია დაადოსო. ორშაბათს უნდა დავრეკო და გავიგო, რა გადაწყვიტეს.” (ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც სამინისტროს უნდა გადაეწყვიტა, იღებდა ამ საქმის გამოძიებას თავზე თუ არა. რამდენადაც მე ვიცი, სამინისტრო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას აწარმოებს. ამიტომ იყო საშიშროება, ჩაეთვალათ, რომ ეს მათი განსახილველი საქმე უბრალოდ არ არის)
12 სექტემბერი. ”არ ადევს ჯერ რეზოლუცია, არ ვიცით რატომო. ხვალ უნდა გადავრეკო კიდევ.”
14 სექტემბერი. ”კარგი ამბავი მაქვს! განიხილა მინისტრის მოადგილემ ჩვენი საკითხი და გადასცა თბილისის სამმართველოს შემდგომი გამოძიებისთვის. ზუსტად ვის ჩააბარებენ საქმეს, ჯერ არ არის ცნობილი. დღის მეორე ნახევარში დარეკე და გეტყვითო.”
14 სექტემბერი, დღის მეორე ნახევარი. ”ისევ სადღაც გადაამისამართეს, ისევ უფროსთანაა განსახილველად და ისევ ხვალ უნდა დავრეკო, რომ მითხრან ვის ჩაბარდა. მეცინება უკვე : D”
15 სექტემბერი. ”დავრეკე. საქმე ჩააბარეს ვინმე იქსს. ნომერი მომცეს და მითხრეს, დაურეკე და კითხე რაც გინდაო. არ იღებენ რომ ვრეკავ, მაგრამ რა უნდა ვკითხო არც ეგ ვიცი. ”ჰა, რას შვებით, როდის იწყებთ გამოძიებას?”
17 სექტემბერი. ”ეს ორი დღეა საერთოდ აღარ იღებენ ტელეფონს არსად. დაველოდოთ ორშაბათს.”
20 სექტემბერი. ”გამოვიჭირე იქსი ძლივს. ახლა პროკურორთან არის განსახილველად და კვირის ბოლომდე გადაწყვეტს, აქ დავიტოვოთ ეს საქმე თუ გადავაგზავნოთ სადმე სხვაგანო. კვირის ბოლოს უნდა დავრეკო.”
დავკერე კვირის ბოლოს, შემდეგი კვირის დასაწყისშიც… და საერთოდ ჩემი დღის რუტინად ვაქციე შსს-ში რეკვა, მაგრამ 2 თვის განმავლობაში ვერ მოვახერხე მათთან დაკავშირება, რომ გამეგო, რა ბედი ეწია ჩვენს განცხადებას.
ჩავთვალე, რომ უბრალოდ ”დაიკიდეს” ეს საქმე და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ამდენი წვალების შემდეგ, ასე უბრალოდ გადააგდეს ეს ყველაფერი და მეც ვეღარაფერს ვაკეთებდი. ზუსტად ამ დღეებში ვაპირებდი პოსტის დაწერას ამის თაობაზე.
საბედნიეროდ, პოსტს სხვა მიზეზით ვწერ. გუშინ დამიკავშირდა ბათუმის პროკურატურის გამომძიებელი და მითხრა, რომ ჩვენი განცხადება თბილისიდან ბათუმის პროკურატურას გადასცეს, და ისინი ძალიან სერიოზულად აპირებენ ამ საქმისთვის ხელის მოკიდებას. ძალიან გამიხარდა. (რას წარმოვიდგენდი, პროკურატურიდან ზარი ოდესმე ასე ძალიან თუ გამიხარდებოდა) ანუ მთლად წყალწაღებულები არ ვართ და უსამართლობაზე თვალს ყველა არ ხუჭავს.
მითხრეს, ახლო მომალავში ამ 60 განმცხადებლიდან ერთი მაინც უნდა მივიდეს ბათუმის პროკურორთან გასაუბრებისთვისო. (მე ვუთხარი, პროკურორს სკაიპის ვიდეო ქოლით დაველაპარაკები, თუ უნდა-მეთქი, მაგრამ იურისტები ხომ ცალკე რასაა და მათ თავიანთი სპეციფიური იუმორის გრძნობა აქვთ, ყველასგან განსხვავებული : D)
საბოლოოდ, მოიძებნა ერთ-ერთი განმცხადებელი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. გამომძიებელი დაუკავშირდება მას და ამის შემდეგ იგი აპირებს ჩამოვიდეს თბილისში და აქ გააგრძელოს დანარჩენი განმცხადებლების დაკითხვა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს.



